ახალი ამბები

სახალხო დამცველის შემაჯამებელი დასკვნა უწყებათა მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2015 წლის 2 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყებათა მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ შემაჯამებელი დასკვნა წარმოადგინა.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულად, ან ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია, თუმცა, არაერთი კვლავ შეუსრულებელია. დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი უწყება საბოლოოდ და სრულყოფილად შესრულებისათვის ჯერ კიდევ აგრძელებს მუშაობას.

„მართალია, ზოგ შემთხვევაში არსებობს ობიექტური მიზეზები, მაგრამ არის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სასწრაფო და აუცილებელია და მათი შესრულებისათვის რესურსის დაზოგვა დიდ პრობლემებს გამოიწვევს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. მათ შორის მოიაზრება არაერთხელ გაჟღერებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა; შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება; რეკომენდაცია დახურული ტიპის დაწესებულებებში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრთათვის ფოტო გადაღების უფლების შესახებ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც გაიზიარა ომბუდსმენის რეკომენდაციები და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი დაავალა.

2015 წლის 10-17 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშები 11 სახელმწიფო ორგანომ წარმოადგინა.




სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)