ახალი ამბები

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასახული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა

2015 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მრავალი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. მიუხედავად ამისა, კვლავ მძიმეა კონფლიქტით დაზარალებული შიდა ქართლისა და სამეგრელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა.

ადგილობრივებისათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად შემოსავლის წყაროს მოძიება რჩება. გამყოფი ხაზის სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრაქტიკაში ვერ იყენებს საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს, რადგან პროგრამები ცენტრალიზებულია და ინფორმაცია ადგილობრივებამდე რთულად აღწევს; გარდა ამისა, ადგილობრივ ფერმერებს და მეწარმეებს არ აქვთ თანადაფინანსებისთვის შესაბამისი რესურსები, ხოლო საბანკო კრედიტები მათთვის ხელმიუწვდომელია, რადგან უსაფრთხოების მაღალი რისკის რეგიონში ცხოვრობენ. მეწარმეობისთვის პრობლემას ქმნის ასევე დაურეგისტრირებელი მიწები.

აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში წერს და რეკომენდაციით მიმართავს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას, შეისწავლოს გამყოფი ხაზის სოფლების სპეციფიკა და შეიმუშაოს კონფლიქტით დაზარალებული თემების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის განვითარების წამახალისებელი პროგრამები.

შიდა ქართლში 2015 წელსაც პრობლემად რჩება 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების კომპენსაციის საკითხი იმ მოსახლეობისათვის, რომელსაც ომის შემდეგ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია. მათ შორისაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი. მაგალითად, მისი ერთ-ერთი მკვიდრი ტ.თ. დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას, რადგან სახლი დაზიანებულია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიამ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2008 წლის შეიარაღებული მოქმედებების დროს დაზიანებული იმ ოჯახების სახლების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელთაც სახელმწიფოსგან ამ დრომდე არ მიუღიათ არავითარი დახმარება ან კომპენსაცია.

უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას კვლავაც წარმოადგენს სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკანონო დაკავებები გამოყოფ ხაზზე. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა (2014 წელს 142, 2015 წელს 163 ადამიანი). ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსი მესაზღვრეები გადმოდიან და მოსახლეობას საკუთარ ბაღებში, სოფლის გზებსა და სასაფლაოებზე აკავებენ. ძალიან მაღალია დაკავებების რიცხვი აფხაზეთის გამყოფი ხაზზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს დააკავეს 341, ხოლო 2015 წელს 380 ადამიანი. პატიმრები ყვებიან არასათანადო პირობებისა და მოპყრობის ფაქტებზე ცხინვალის ციხესა და გალში, რუსეთის სამხედრო ბაზის სარდაფებში.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს და საქართველოს პარლამენტს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა დაიცვან ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და მხარეები შეთანხმდნენ ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს გამყოფ ხაზზე დაკავებების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)