ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება თავდაცვის მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე თინათინ ხიდაშელის დანიშვნას, წარმატებებს უსურვებს მას მომავალი საპასუხისმგებლო საქმიანობის წარმართვაში, იმედს გამოთქვამს, რომ იგი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და წარმატებული მაგალითი იქნება თავდაცვის მინისტრის რანგში ქალთა წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმისათვის.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ თინათინ ხიდაშელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მეხუთე სახელმწიფოა, სადაც თავდაცვის უწყებას ქალი მინისტრი უხელმძღვანელებს, რითაც საქართველო გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანათა რიგს შეუერთდა.

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება სტერეოტიპული შეხედულების გამო სკეპტიკურად უყურებს ქალის როლსა და მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება. არაერთხელ გამოვთქვი შეშფოთება ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლისა და მინისტრთა კაბინეტში მათი წარმომადგენლობის სიმცირესთან დაკავშირებით. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი მაგალითები მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და მომავალში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება“, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)