ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება, რომლის დაწესება 1995 წლის 14 ივნისს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში ის პირველი სპეციალური ნორმატიული აქტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა, მისი მიდგომები მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. პრობლემატურია კანონის სათანადოდ აღსრულება და მასში გარანტირებული მინიმალური უფლებების სრულყოფილი რეალიზებაც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა, პირველ რიგში, მიზნად უნდა ისახავდეს ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, სოციალური იზოლაციის აღმოფხვრას, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

14 ივნისი საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლიდან უკვე მეორედ აღინიშნება, თუმცა არსებითი ცვლილებები ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. პრობლემების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს სწორედ აღნიშნული კონვენციის იმპლემენტაციის შენელებული პროცესი წარმოადგენს. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტთან, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისებითა და პროგრამებით უზრუნველყოფა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა, ზოგადად ამ პირთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების საკითხები, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებელ მოგვარებას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმი, აუცილებლად მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გააცნობიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა და სათანადო ძალისხმევა მიმართოს კონვენციით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ. ამავდროულად, უნდა დაჩქარდეს კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესი, რაც შექმნის დამატებით ბერკეტს ამ პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)