ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და ის ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის უფლებების დაცვა წარმოადგენს და მიგვაჩნია, რომ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.

წლევანდელი მშვიდობის დღის თემა „პარტნიორობა მშვიდობისთვის - ღირსება ყველას“, მიზნად ისახავს მშვიდობის მშენებლობაში იმ მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებას, რომელიც სხვადასხვა სექტორსა თუ ჯგუფს შორის თანამშრომლობას მოაქვს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა წელს ხაზი გაუსვა მშვიდობის მიღწევაში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობას.

სახალხო დამცველი იზიარებს ამ სულისკვეთებას. 2014 წლიდან აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სამშვიდობო პროექტებში; ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის აფხაზურ და ოსურ არასამთავრობო სექტორთან; 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში განვახორციელეთ საგანმანათლებლო პროექტი, რომელის ფარგლებშიც კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, გაეცნენ ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა მათი საქმიანობის პრიორიტეტად აქციონ.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მედია ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს საერთო ძალისხმევა მიმართონ კონფლიქტით დაზარალებულ პირთა დასახმარებლად და ყოველდღიური ყოფის შესამსუბუქებლად და ამავე დროს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ მგრძნობიარე თემებს, რომლებიც კიდევ უფრო ძაბავს კონფლიქტურ სიტუაციას და აუარესებს ხალხთა შორის ურთიერთობებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება