ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება 1 მაისთან დაკავშირებით

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილოს შრომითი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებელ მოგვარებას საჭიროებს.

2013 წლის ზაფხულში შრომის კოდექსში შეტანილი დადებითი ცვლილებების მიუხედავად, მათი გარკვეული ნაწილი პრაქტიკაში სათანადოდ დანერგილი არ არის. მოლოდინის მიუხედავად, შეჩერებულია ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიზნით გაცხადებული შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ტალღა.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა – ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახიფათო პირობებში მუშაობას ეწირება. სახალხო დამცველის ხელთ არსებული მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23 პირი, ხოლო 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი.

ჯერ კიდევ 2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა დაწყებულიყო მუშაობა დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებისა და შრომის ინსპექციის შექმნის მიზნით. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია ამ დრომდე არ შესრულებულა. მართალია, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, თუმცა ამ მექანიზმს მთელი რიგი ხარვეზები აქვს. მათ შორის გამოვყოფთ შემდეგ ნაკლოვანებებს: 1) პროგრამის ფარგლებში მხოლოდ იმ დამსაქმებლების შემოწმებაა გათვალისწინებული, რომლებიც თავად გამოთქვამენ ამის სურვილს; 2) შემოწმების შედეგები არ არის საჯარო; 3) დარღვევების აღმოსაფხვრელად გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება სავალდებულო არ არის.

იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა იმუშავებენ იმისათვის, რათა თითოეული მოქალაქის უფლება უსაფრთხო შრომაზე რეალიზებული იყოს უმოკლეს ვადებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)