ახალი ამბები

სახალხო დამცველი თუშეთის მოსახლეობას შეხვდა

2015 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოადგილეებთან პაატა ბელთაძესა და ნათია კაციტაძესთან ერთად თუშეთში – ომალოს, შენაქოსა და დართლოს მოსახლეობას შეხვდა. მაღალმთიანი რეგიონის ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ელექტროენერგიის და სასმელი წყლის მიწოდება, კანალიზაციის არ არსებობა და ნაგავსაყრელის საკითხი წარმოადგენს. კვლავ პრობლემურია სამედიცინო მომსახურების საკითხი, ამბულატორიის გახსნის მიუხედავად მოსახლეობა დროულ დახმარებას ვერ იღებს, რადგან მთელ თუშეთში მხოლოდ ერთი ექიმია, ხოლო სოფლები ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ასევე, არ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ექიმს პაციენტებთან მისვლა, ხშირ შემთხვევაში, ცხენით უწევს.

„მთის კანონის“დამტკიცების მიუხედავად, თუშეთის მოსახლეობის უმრავლესობა შეღავათებით სარგებლობას ვერ შეძლებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, შეღავათები იმ პირებზე ვრცელდება, რომლებიც მთაში 9 თვეს სტაბილურად ატარებენ, მოსახლეობის უმრავლესობა კი, მკაცრი ზამთრის გამო ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე საცხოვრებლად ბარში გადადის; სოფლებში ერთეული ოჯახები რჩებიან, თუმცა, გაუსაძლისი პირობები მიგრანტთა რიცხვს ყოველწლიურად ზრდის.

მოსახლება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის მიწოდებას ითხოვს. მათი თქმით, თუშეთისთვის გამოყოფილი ტრაქტორები საბჭოთა დროს არის წარმოებული და მწყობრიდან არის გამოსული.

„თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროენერგიის საკითხის მოგვარება, რაც მცირე ჰესების აშენების პირობებში საგრძნობლად გააუმჯობესებდა საცხოვრებელ პირობებს. აუცილებლად მიმაჩნია დაინიშნოს რეგულარული საჰაერო რეისები, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის პერიოდშიც, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის შენარჩუნებას. მიგრაციის პროცესის შეჩერებას განსაკუთრებული როლი ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც, რადგან თუშეთი სასაზღვროს ზოლს წარმოადგენს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების საჭიროებების შესწავლას განაგრძობს და სპეციალურ წინადადებით შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

11.09.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება