ახალი ამბები

სახალხო დამცველი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 14 მარტს დაკავებული ბ.თ.-ს 15 მარტს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გარდაცვალების შესახებ.

სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის შედეგების მიხედვით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ბ.თ. 15 მარტს, დილით შეუძლოდ გახდა. იზოლატორის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დაკავებულმა განუცხადა, რომ იმყოფებოდა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში და ესაჭიროებოდა შესაბამისი დახმარება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა გამომძიებელს. ბ.თ.-სთან ერთად იზოლატორში მყოფი პირის განმარტებით, დაკავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების წასვლის შემდგომაც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა ექიმი აღარავის გამოუძახია.

იმავე დღეს, 16 საათსა და 47 წუთზე, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის მიზნით სასამართლოში გადაყვანამდე, ბ.თ იზოლატორის დერეფანში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა მომხდარს იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბ.თ-სთვის ადეკვატური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხის შესწავლას, ასევე, რამდენად ჯეროვნად განახორციელეს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა მათი მოვალეობები და რა საფუძვლით არ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება განმეორებით.

აღნიშნული გარემოებები, სახალხო დამცველის აზრით, სადავოს ხდის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას სს კოდექსის 115-ე მუხლით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მოხდეს ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. გამოძიებამ არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვები არც ბ.თ-ს გარდაცვალებასთან და არც პოლიციის თანამშრომლების შესაძლო არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 2016 წლის 19 აპრილს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქმის შესწავლის მიზნით, მოითხოვა გარდაცვლილი ბ.თ.-ს პირად საქმეში არსებული დოკუმენტების ასლები.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 და 23-ე მუხლების შესაბამისად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად“. „მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახლხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე...“

იზოლატორის თანამშრომელმა დოკუმენტები მოამზადა, თუმცა, იზოლატორის ხელმძღვანელობამ მათი გაცემა აკრძალა და შემდგომ რამდენიმე საათი არკვევდა დოკუმენტაციის გაცემის საკითხს. საბოლოოდ სახალხო დამცველის რწმუნებულს გადაეცა მოთხოვნილი ასლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედების გამო, მისი საქმიანობა შეფერხდა.

სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის თანამშრომლებს, რომ იგი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, მისი ან მისი რწმუნებით აღჭურვილი პირის კანონიერი მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)