ახალი ამბები

სახალხო დამცველი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას ეხმაურება

2018 წლის 21 მარტს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და თანდართული ცვლილებები. აღნიშნული კანონის მიღება წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

ზემოაღნიშნული კანონი შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს ქმნის. კერძოდ, ზედამხედველ ორგანოს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს) ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები.

მიღებული კანონი უმჯობესია ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, გათვალისწინებულ იქნა რიგი შენიშვნები. კერძოდ, საგრძნობლად გაიზარდა სანქციების ოდენობა და დაიხვეწა კანონპროექტის ცალკეული დებულებები. უარყოფითად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კანონში გათვალისწინებული არ არის სახალხო დამცველის რიგი პრინციპული შენიშვნები, რომლებიც კანონის მოქმედების სფეროს გაფართოებასა და ზედამხედველი ორგანოსათვის დამსაქმებლებთან უპირობოდ დაშვების მანდატის მინიჭებას შეეხებოდა. სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი იყო ასევე კანონპროექტის ფინანსური მხარე, როდესაც არ იყო გათვალისწინებული საბიუჯეტო რესურსები ზედამხედველი ორგანოს გასაძლიერებლად, მათ შორის, საკადრო რესურსების გაზრდისათვის.

აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით, უნდა განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ სამართლებრივ აქტს მთავრობა დროულად მიიღებს, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები კი პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულდება, რაც დასაქმებულთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)