ახალი ამბები

სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირება კვლავ რჩება სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად. ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ წამოწევს შრომის პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, შესაბამის საჭიროებებსა და განსახორციელებელ ცვლილებებს. კამპანიის პერიოდში ჩატარდება სემინარი ჟურნალისტებისთვის, მომზადდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საინფორმაციო მასალა, გაიმართება შეხვედრები დასაქმებულებთან და განხორციელდება სხვა აქტივობები. სახალხო დამცველი ასევე ჩართულია საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ჯგუფში.

ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში აქვს მონიტორინგის უფლება და არც მის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის შესასრულებლად სავალდებულო. შეზღუდული უფლებამოსილება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

შედეგად, სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების უნივერსალური საშუალება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა. სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და რეალური შედეგებისკენ არ არის მიმართული, რაც წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე საგამოძიებო უწყების არაეფექტურ რეაგირებას მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის შესაბამისად:

2015 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 100 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 15 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 26 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 41 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

2016 წელს 131 სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოში წარიმართა 11 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 17 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 76 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს

2017 წელს დაწყებული გამოძიების 46 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 4 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 11 შემთხვევაში, ხოლო 31 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ უპირობო აუცილებლობად რჩება, დროულად შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითაც აქვს ნაკისრი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე პერიოდში შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის განხილვას, რომელიც ერთი მოსმენით უკვე მიღებულია. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პარლამენტს წინადადებით მიმართა და წარუდგინა საკუთარი შენიშვნები. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩართულია პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.

კანონპროექტში განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია კანონის მოქმედების სფერო და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელთა დამსაქმებლებთან დაშვების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოქმედება გავრცელდეს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ასევე, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ობიექტის დაუბრკოლებელი შემოწმების შესაძლებლობა ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე. აღნიშნული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანონი ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყანაში შრომითი უფლებების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობაზე.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)