ახალი ამბები

სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას წინადადებით მიმართავს

2015 წლის 17 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე ლ.ლ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით.

საქმე ეხება 2011 წლის 18 მარტის შემთხვევას, როდესაც, მოქალაქე ლ.ლ–ს მტკიცებით ის უცნობმა პირებმა დააკავეს და პროკურატურაში მიიყვანეს. ადგილზე მისულს პროკურატურაში განუმარტეს, რომ თუ ლ.ლ. გადაიხდიდა ჯარიმის სახით 15 მილიონ ლარს (რომელიც მოგვიანებით შემცირდა 12 მილიონ ლარამდე), ბანკი, რომელშიც აღნიშნული მოქალაქე იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობას, შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მასთან ერთად დააკავებდნენ ბანკის დირექტორატის და ფონდის გამგეობის წევრებს.

თანხის გადარიცხვა ფონდის მიერ საქართველოს ბიუჯეტში მეორე დილით, 19 მარტს მოხდა, თუმცა ქვითარი 18 მარტით დათარიღდა. თანხის გადარიცხვის მიზნად ლ.ლ-ს ჯარიმის გადახდა მიეთითა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: ლ.ლ. ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 მილიონი ლარის ოდენობით.

თანხის სახელმწიფოსთვის გადარიცხვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე და განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, შესაძლოა მიუთითებდეს მოქალაქე ლ.ლ.–ს მიმართ საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელებულ იძულების ფაქტზე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების დაწყების საფუძველია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)