ახალი ამბები

სახალხო დამცველი ლიკა კიკიანის განცხადების საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2015 წლის 8 ივლისს მოქალაქე ლიკა კიკიანის საქმის საკუთარი ინიციატივით შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, მოქალაქე ლიკა კიკიანის საჯარო განცხადების შედეგად, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება არ წარმოადგენს სამართალდამცავების მიერ მოქალაქის მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება გამოძიების დაწყების ნაცვლად, უგულებელყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

პირის განცხადება მის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–100 მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას აწესებს. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება დანაშაულის ფაქტზე (მათ შორის, პოლიციელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში) განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება: დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი, ზედმიწევნითი, სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე საქმეში, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში, არაერთხელ აღნიშნა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ეფექტიანი გამოძიების ერთ–ერთი კრიტერიუმის – დამოუკიდებლობის დარღვევად შეაფასა ერთი უწყების მიერ მისივე თანამშრომლის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტის გამოძიება.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოქალაქე ლიკა კიკიანის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს და ეფექტიანად წარმართოს საქართველოს პროკურატურამ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)