ახალი ამბები

სახალხო დამცველი ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს შეხვდა

15 აპრილს სახალხო დამცველი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მყოფ ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა უმაღლეს კომისარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილა 2012-2013 წლების შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესრულების საკითხები.

„დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყანაში ეროვნული უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, სახელმწიფო ენის სწავლება, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა, მათი პოლიტიკური მონაწილეობა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობა, რაც ბუნებრივია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიმართოს მეტ ძალისხმევას ეროვნული უმცირესობების კულტურული იდენტობის შენარჩუნება-განვითარების, მათი დასაქმებისა და ღირსეული ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა შეხვედრაზე ომბუდსმენმა.

უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საკითხებში. ქალბატონმა თორსმა სახალხო დამცველის აქტიური უფლებადაცვითი საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება