ახალი ამბები

სახალხო დამცველი ჩეხეთის ომბუდსმენის საქმიანობის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის ომბუდსმენის საქმიანობის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მდგომარეობა საქართველოში და აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით 2014 წლის მონაცემებით სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა გაორმაგდა, რაც მიუთითებს სწორედ სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობაზე. მოხსენებაში უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა პრევენციის ეროვნულ მექანიზმზე; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მნიშვნელობაზე, რომლის აღსრულების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტი შეიქმნა; შეეხო საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით დაგეგმილ რეფორმებს; ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე; სახალხო დამცველის აპარატის ძირითადი საქმიანობის შესახებ გამოცემულ ყოველთვიურ ბიულეტინსა და საინფორმაციო ხასიათის კლიპებზე, რომელსაც საქართველოში ტელევიზიის სხვადასხვა არხების მეშვეობით უჩვენებენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ასევე თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტის სტრატეგიასა და საპარლამენტო მდივნის საქმიანობაზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩეხეთის ომბუდსმენი ანა საბატოვა, უნგრეთის ომბუდსმენი ლასზლო ჟეკელი, სლოვაკეთის ომბუდსმენი იანა დუბოვკოვა, პოლონეთის ომბუდსმენი ირენა ლიპოვიცი და ავსტრიის ომბუდსმენი გერტრუდ ბრინეკი, ასევე ნიდერლანდების ომბუდსმენის მოადგილე. მოხსენებები წარმოადგინეს დეპუტატთა პალატის ვიცე პრეზიდენტმა იან ბარტოშეკიმ, ადამიანის უფლებების, თანასწორი შესაძლებლობის და კანონმდებლობის მინისტრმა ჟირი დიენსტბიერიმ, პარლამენტის პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟუჟკა ბებაროვა რუჯბროვამ, სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა ვილემ კაჰოუნიმ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ტომაშ ლანგაშეკიმ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი პარალელური სესია, სადაც ყურადღება გამახვილდა ომბუდსმენების სამუშაო მეთოდოლოგიაზე, სახალხო დამცველთა მიერ კანონმდებლობაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობაზე, მედიასთან თანამშრომლობასა და გამჭვირვალობაზე, ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სახალხო დამცველის ინსტიტუტების ღიაობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)