ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგი განახორციელა

2015 წლის 10-11 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) მონიტრინგი განახორციელა.

მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა თბილისის და ბათუმის თავშესაფრები და გამოვლინდა სერვისის მიწოდების ძლიერი და სუსტი მხარეები; შეფასდა ბენეფიციართა საჭიროებები.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა. აშკარაა, რომ თავშესაფრის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს ბენეფიციართა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, გამოიკვეთა რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისის მიწოდების ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულებას არ აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს მოწყობილი საცხოვრებელი და განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესები. ამასთან აღსანიშნავია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემებიც. არც ერთი თავშესაფარი არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის და მათი განთავსება საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში ფაქტიურად შეუძლებელია.

პრობლემას წარმოადგენს თავშესაფარში გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირთა განთავსება. თავშესაფრების შინაგანაწესის მე–6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, თავშესაფარში პირი არ მიიღება, იმ შემთხვევაში თუ: „უშუალოდ მისგან არსებობს პოტენციური რისკი სხვა ბენეფიციარებისათვის“. თავშესაფრების ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ გადამდები ინფექციური დაავადებების შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება მოხდეს. ასევე გამოვლინდა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. თბილისის თავშესაფარში არ არის გათვალისწინებული ფსიქოლოგის შტატი.

მონიტორინგის შედეგად მომზადებული სპეციალური ანგარიში და რეკომენდაციები 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)