ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებისა და შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოვებას.

დღემდე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. კანონპროექტი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით შემოწმდეს ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება სცდება ნორმათა კონტროლის მოდელს და ახორციელებს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს. მსგავსი მოდელი ეფექტიანად მოქმედებს ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო.

ინდივიდუალურ აქტებთან და საერთო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელების დასაშვებობის წინაპირობაა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა. თუმცა, კანონპროექტი უშვებს გამონაკლის შემთხვევებსაც.

კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას შესაბამისი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შეფასებისას, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო გადაწყვეტილებას, ეს გამოიწვევს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმე ხელახალი განხილვისთვის განსჯად სასამართლოს გაეგზავნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მოსარჩელის მოთხოვნით დაადგინოს კომპენსაციის გაცემის ან ზარალის ანაზღაურების საკითხი. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს ამის განხორციელების სხვა სამართლებრივი საშუალება.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია 1995 წლის 24 აგვისტოს შემდეგ საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია. აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. აღნიშნული მექანიზმის შემოღებით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოვლინდეს და გამოსწორდეს მართლმსაჯულების ის ხარვეზები, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნები დაირღვა.

გასული წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა და ამ ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ართმევდა, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს უსამართლოების მსხვერპლთათვის სამართლიანი განხილვის უფლების ჯეროვანი იმპლემენტაციის გარკვეული საშუალება და მექანიზმი.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილებები შედის „საქართველოს კონსტიტუციაში“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვება შესამჩნევად გაზრდის მის დატვირთვას, შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რიცხვის ზრდას. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის გაძლიერების მიზნით თითოეულ მოსამართლეს დაენიშნება მინიმუმ ერთი თანაშემწე.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ინიციატივის შემდგომ განხილვებში. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გაითვალისწინებენ საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით.

ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით

26.01.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)