ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლებული ორსული ქალბატონის საქმის წარმოების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულმა 8 თვის ორსულმა ქალბატონმა ანა ახალაურმა განაცხადა, რომ თითქოს სახალხო დამცველი მისი საქმით არ დაინტერესებულა.

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.

ანა ახალაურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა. 2015 წლის 18 აგვისტოს კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი დაუკავშირდა მას და მიიღო დეტალური ინფორმაცია, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მომზადდა წერილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, რომელიც 19 აგვისტოს გაიგზავნა.

2015 წლის 11 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სადაც საუბრის ერთ–ერთი საკითხი სწორედ ანა ახალაურის გათავისუფლებას შეეხებოდა. სახალხო დამცველმა პირადად გამგებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ.

9 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიის გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაუკავშირდა ანა ახალაურს, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დღეებში ბევრი ორგანიზაცია უკავშირდებოდა და აღარ ახსოვდა ესაუბრა თუ არა ვინმეს სახალხო დამცველის აპარატიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალაურის განცხადება არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი ფაქტების გავრცელება, რასაც „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

უფრო მეტიც, სიმართლეს არ შეესაბამება „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ იმავე განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აპარატის საკონტაქტო ტელეფონები მუდმივად ჩართულია და ზარების მიღებას, სამუშაო საათებში, კონსულტანტები უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, 13 საათსა და 19 წუთზე „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი და ესაუბრა, მას შემდეგ, რაც ნახა, რომ ჟურნალისტის ზარი მის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული იყო 13 საათზე. მთივლიშვილის განცხადებით, საკითხი რაზეც სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდებოდა აღარ იყო მისთვის მნიშვნელოვანი. სწორედ გელა მთივლიშვილსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა სტატია „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ-გვერდზე 9 სექტემბერს, 13 საათსა და 26 წუთზე.

სამწუხაროა, რომ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები ნათელს ხდის ჟურნალისტის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას პროფესიული საქმიანობისადმი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო, ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ტენდენცია აზარალებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობას, არამედ თავად იმ პირებსაც, რომელთა უფლებების დაცვაც სახალხო დამცველის მთავარი ღირებულებაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება