ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. 8 მარტის აღნიშვნის ისტორია 105 წელს ითვლის და მის დაარსებას საფუძვლად დაედო ქალთა უკეთესი ანაზღაურების, პროფესიული განათლების, სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

დიდხანს ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო ქალთა დღის მილოცვა საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ქალების ხმა კვლავ არ ისმის გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდიან ძალადობას და რიგ შემთხვევებში ჩვენ ვერ შევძელით დაგვეცვა მათი სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ არ მინდა გამოვიყენო ლამაზი ფრაზები და მრავალჯერ თქვენთვის ნათქვამი სიტყვები. მინდა გულწრფელი იყოს ჩემი მილოცვა და გისურვოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია, გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღებისას თანაბარი მონაწილეობა და ძალადობის დამარცხება. გილოცავთ ამ დღეს დიდი იმედით, რომ მომავალ წელს ქალებს ექნებათ განწყობა, რომ იზეიმონ და მიიღონ მოლოცვები.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო მიგრანტ ქალებს, რომლებმაც იკისრეს მძიმე ტვირთი საქართველოში მყოფი ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფისა; პატიმარ ქალებს, რომლებიც გარიყულნი არიან საზოგადოებიდან და საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას; დევნილ და ლტოლვილ ქალებს, რომელთაც მოუწიათ თავიანთი საცხოვრებლების დატოვება და დღეს დევნილობაში სოციალური დახმარების იმედად რჩებიან; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, რომლებიც ყოველდღე განიცდიან უთანასწორო მოპყრობას და მათი პოტენციალი სტიგმებში იკარგება; ძალადობაში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მარტო დავტოვეთ ძალადობის პირისპირ და ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ; აქტივისტ და უფლებადამცველ ქალებს, რომლებიც საკუთარი ჯაბნმრთელობისა და რესურსების ხარჯზე ყოველდღიურად იბრძვიან ქალთა უფლებების დასაცავად. სრულიად საქართველოს ქალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს.

დღეს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს ქალების ძალა და როლი განუზომელია. ვიზიარებ კატო მიქელაძის მოსაზრებას, რომელიც ჯერ კიდევ 1917 წელს წერდა: „არც პოლიტიკურ საქმეებს უდგნენ ქართველი ქალები განზე და თავიანთი უნარით და გონიერი მეცადინეობით არა ერთხელ შეუერთებიათ დანაწილებული კუთხები საქართველოსა. ქართველი ქალები ერეოდნენ საგარეო პოლიტიკაშიც და დიდათ საკეთილდღეოდაც ჩვენი ქვეყნისათვის“.

გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს დაიწყოს მუშაობა სპეციალური დროებითი მექანიზმის – კვოტების შემუშავებაზე, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს თავი დააღწიოს უთანასწორო მდგომარეობას და გაიზიაროს არაერთი განვითარებული, მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის წარსული გამოცდილება, რომელთაც სწორედ კვოტირების სისტემის მეშვეობით მიაღწიეს გენდერულ ბალანსს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)