ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ლგბტ აქტივისტების დაკავების შესახებ

2016 წლის 17 მაისს, გამთენიისას 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. 3 მათგანი დააკავეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს შენობასთან, სტენსილების ხატვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავებულებმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ მათი დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და ჰომოფობიური ენის გამოყენებით.

ლგბტ აქტივისტები უთითებენ, რომ ისინი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა, ასევე მათი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა პოლიციის ავტომანქანებით. დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება გაუჭირდათ მათ შორის სახალხო დამცველის რწმუნებულებს. დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის დაკავებისთანავე არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუციათ ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ნახატების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებსა თუ ღობეეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა (ასკ 150–ე მუხლი). თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება აღნიშულ ქმედებებზე მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. გაუგებარია, რატომ იყვნენ დაკავებისას პოლიციელები ფორმის გარეშე და შს სამინისტროს კონკრეტულად რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოდგენდნენ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ნათელი და მკაფიო განმარტება უმოკლეს დროში გააკეთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა ლგბტ აქტივისტებს მაიდენტიფიცირებული ნიშნების, დოკუმენტებისა და სათანადო განმარტების არარსებობის პირობებში შესაბამისი პირები აღექვათ პოლიციის თანამშრომლებად.

ასევე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების, დაკავებულებისათვის უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების მოვალეობის დარღვევის საკითხი და მას უნდა მოყვეს მკაცრი რეაგირება. განხორციელებული რეაგირების შესახებ დროულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)