ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით

2015 წლის 24-26 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან.

შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. პროექტის კოორდინატორმა დევნილებს მიაწოდა ინფორმაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში არსებული სიახლეებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ამ მიმართულებით. დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და თანმდევ შედეგებზე.

შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რეგიონებში მცხოვრებ დევნილი მოსახლეობისათვის ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. კერძოდ, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმ სიახლეებსა და მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კვლავ პრობლემად რჩება ნელი ტემპებით მიმდინარე საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი და ამა თუ იმ ობიექტში უმძიმესი საცხოვრებელი პირობები.

შეხვედრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით მოქმედი პროექტის, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გადასაჭრელად“ ფარგლებში ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება