ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება დედის დღესთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, თუმცა დედის დღის მსოფლიო ისტორიას უფრო ადრეული საწყისები გააჩნია. ამ დღის აღნიშვნა ქალთა ისტორიის თვის – მარტის ფარგლებში ექცევა, როდესაც ვიხსენებთ ქალთა განუზომელ წვლილს დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში.

დედობის დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, რადგან დედობა განსაკუთრებული როლია. საქართველოში უმთავრესად ქალები იღებენ ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, დედები განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, როგორც სახელმწიფოს, ასევე ყველა ჩვენთაგანის მხრიდან.

თავისთავად, ორივე მშობელი და საზოგადოება თანაბრად უნდა ვინაწილებდეთ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისათვის. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა დედებს ხელი შეეწყოთ, შესძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება, წარმატებული კარიერული წინსვლა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, რაც საბოლოოდ ისევ მათი, ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე აისახება დადებითად.

ჩვენს მიერ შესწავლილი ოჯახში ძალადობის ფაქტებიდან იკვეთება, რომ ძირითად შემთხვევაში მსხვერპლები ქალები არიან, რომლებსაც ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევა შვილებთან ერთად უწევთ, ისინი მარტონი იბრძვიან თავიანთი და შვილების უსაფრთხოების დასაცავად და უამრავი პრობლემის გადალახვა უწევთ, რათა საბოლოოდ უსაფრთხო გარემოში აღზარდონ შვილები. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალია, გავაცნობიეროთ თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ძალადობის მსხვერპლი დედები და მაქსიმალურად გავაძლიეროთ მათი დაცვის ღონისძიებები, შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც შიშის გარეშე, მომავლის იმედით შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

ჩვენი ვალია განსაკუთრებული ზრუნვის საგნად ვაქციოთ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა, უზრუნველვყოთ მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დედების დაცვა. განსაკუთრებული გაგებით მოვეკიდოთ პატიმარი დედებისა და მათი შვილების საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებსა და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს.

მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ ის მოვალეობა რასაც მომავალ თაობებზე ზრუნვა წარმოადგენს. ეს თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს როგორც ორივე მშობლის ასევე სახელმწიფოსათვის. სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგად იქნება შესაძლებელი დედებისათვის ისეთი თარიღის გულწრფელად მილოცვა, როგორიც 3 მარტია, როცა პასუხისმგებლობები თანაბრად იქნება განაწილებული და ყველა ჩვენთაგანი თავის თავზე აიღებს ზრუნვის იმ მცირედ ნაწილს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდისათვის არის საჭირო.

მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი განხილვების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური მონაწილეობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება