ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბათუმში მშენებლობაზე დასაქმებული პირის დაღუპვასთან დაკავშირებით

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 8 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი კომპლექსის „პორტ ბათუმი თაუერის“ მშენებლობაზე მომუშავე შუა ხნის მამაკაცი სამუშაოს შესრულებისას მაღალი სართულიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო, ერთ საათში გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტს გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას.

სამწუხაროდ ეს შემთხვევა არ არის პირველი. სამუშაო ადგილზე უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიზანმიმართული მუშაობის სისუსტის გამო, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას არაერთი ადამიანი დაზიანდა და დაიღუპა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა პირველ თებერვალს თბილისში, სადაც დაიღუპა ერთი ადამიანი. მსგავსი ფატალური შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.

მშენებარე ობიექტზე უსაფრთხოების წესებისთვის განკუთვნილი არასაკმარისი რეგულაციებისა და მათზე მონიტორინგის არარსებობისა თუ არაეფექტურობის გამო, ხშირია მშენებლობაზე მომუშავე პირების ჯანმრთელობის დაზიანებების და დაღუპვის ფაქტები.

ბოლო პერიოდში სახალხო დამცველმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავდა 82 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი. ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ბრალეული პირების გამოსავლენად და დასასჯელად. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებში სახელმწიფოს რეაგირება შემოიფარგლება ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ პასუხისმგებელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებით, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრევენციას. პრევენციის პოლიტიკის გარეშე კი მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)