ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის თანახმად ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მუდმივად მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აუტიზმის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

2016 წელს ამ დღის თემაა „აუტიზმი და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგი 2030 წლამდე: ინკლუზია და ნეირო მრავალფეროვნება“.

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის ხაზგასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა აქტიური და თანაბარი მონაწილეობის აუცილებლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. გზავნილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოების ცხოვრებაში, რაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევად და მათი პოტენციალის დაკარგვად მიიჩნევა.

საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი უფლებების სათანადო რეალიზება. ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია მათთვის აუცილებელი და საჭირო მომსახურებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

კვლავ რჩება ბარიერები სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში. სპეციფიური სასწავლო სტრატეგიებისა და მეთოდების არარსებობა, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს აუტიზმის მქონე ბავშვების სრულფასოვან ინკლუზიას და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საჯარო გამოსვლების დროს სხვადასხვა სახის განცხადებებით ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას.

სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი შესაძლებლობების ზრდაზე. მიმართოს სათანადო ძალისხმევა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლისა და არსებული სტიგმის დაძლევისაკენ, უზრუნველყოს მათი ყოველმხრივი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვით ხელი შეუწყოს ამ პირთა ღირსეული მომავლის შექმნას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)