ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტის შესწავლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 ტყვია ესროლეს.[1] შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია შუშები. იეჰოვას მოწმეები აღნიშნული შენობის დაზიანების წარსულში მომხდარ სხვა ფაქტებზეც მიუთითებენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (სხვისი ნივთის განზრახ დაზანება) დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს 2015 წლის 23 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების მიზნით. ამასთან, გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმის გამორკვევაზე, ხომ არ იყო აღნიშნული დანაშაული ჩადენილი რელიგიური სიძულვილის მოტივით. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)