ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებაში ყველა მხარემ იგრძნოს პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისა თუ მოქმედებებისაგან, რომელმაც შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო მეტი დაძაბვა, ძალადობა და აგრესია გამოიწვიოს.

მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ როლს ამ პროცესებში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის 22 ოქტომბრის განცხადება ეჭვქვეშ აყენებს წამების კადრების გავრცელებისა და ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვის საკითხს. კერძოდ, პრემიერის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება ერთი შეხედვით გავდა პროვოკაციას, ხოლო წამების კადრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებულია. იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი პროკურატურის სათანადო დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდისაგან, მსგავსი ტიპის განცხადებები ნდობას უკარგავენ მიმდინარე გამოძიებას.

ასევე, არ არის მართებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისაგან რაიმე ფორმით სასამართლოსათვის მოწოდება მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა 22 ოქტომბრის განცხადებით„რუსთავი 2“–ის საქმის განმხილველ მოსამართლეს მოუწოდა არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ლადო სადღობელაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ძალადობისაკენ მოწოდების ფაქტზე, რაც მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, დროული რეაგირება იქონიონ თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა.

აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაუშვებელია ყოველგვარი მოწოდება ძალადობისაკენ და მივმართავ ყველა პირს, თავი შეიკავოს ასეთი მოწოდებებისაგან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)