ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა

2015 წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველი თუშეთის მოსახლეობის საჭიროებების განსახილველად ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს შეხვდა.

თუშეთში ვიზიტისას სახალხო დამცველს ინფრასტრუქტურული პრობლემები დახვდა, მოსახლეობა შეწუხებულია დანგრეული გზებით; სასმელი წყლის და ელექტროენერგიის შეფერხებით; მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემით, ნაგავსაყრელის არარსებობით. მაცხოვრებლები ასევე ითხოვენ რეგულარული საჰაერო რეისების დანიშვნასა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.

გამგებლის განცხადებით, პრობლემების ნაწილი მისთვის ცნობილია, თუმცა თუშეთის მოსახლეობის საჭიროებების უმრავლესობის, მათ შორის, გზების რეაბილიტაციის, ელექტრიფიკაციისა და წყალგაყვანილობის მოსაგვარებლად საჭირო თანხების მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ბექა ბაიდაურის განცხადებით, დონორების დახმარებით შეიძინეს მანქანა, რომელიც უახლოეს პერიოდში სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება, ხოლო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონის მოსახლეობას მომავალში 2 ექიმი მოემსახურება.

სახალხო დამცველმა გამგებელთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობას და მიგრაციის პრობლემას, რაც საზღვრისპირა რეგიონისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. საუბარი შეეხო ასევე, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკასაც, რომელიც მოსახლეობის თქმით, მწყობრიდან არის გამოსული.

გამგებელთან შეხვედრაზე ინდივიდუალური საქმეებიც განიხილეს. მათ შორის, 8 თვის ორსული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება და გამგებლის მხრიდან ჟურნალისტისთვის საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმა.

სახალხო დამცველი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესწავლას განაგრძნობს და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის.

11.09.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება