ახალი ამბები

საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასება

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილების მიღებიდან ერთი წლის თავზე „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას აფასებს.

საქართველოს პარლამენტმა ნაწილობრივ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მათ შესრულების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაავალა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკომიტეტო მოსმენაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშები წარადგინეს. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და თანამშრომლობის შენარჩუნების იმედს გამოთქვამს. მითუმეტეს, რომ არსებული ფორმატი პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდას აძლევს ხელს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ დანერგილი დადგენილების მიღების პროცედურა აზრს დაკარგავს, თუ სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ იქნება გაზიარებული. სამწუხაროდ, საპარლამენტო ანგარიშსა და პარლამენტის დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი დღემდე რჩება საქართველოს მთავრობის ყურადღების მიღმა. მათ შორის არის რეკომენდაციები, რომელთა დაუყოვნებლივ შესრულება აუცილებელია ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის.

საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში ასახული ძირითადი რეკომენდაციებიდან საქართველოს მთავრობის მხრიდან არ შესრულებულა:

  • საგამოძიებო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა
  • ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმართვა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ყველა პრინციპის დაცვით
  • სიცოცხლის ხელყოფის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე სრულყოფილი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება, რომლებშიც იკვეთებოდა სამართალდამცველ პირთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ჩადენა
  • 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა საქმეების, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიების სწრაფად და ეფექტიანად წარმართვა
  • შრომის ინსპექციის სახით, შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნა
  • გაეროს 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციისა და გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესის დაწყება

„2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წარდგენილი რეკომენდაციებიდან საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში არ იქნა ასახული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მნიშვნელოვანია საქართველოში კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ესენია:

  • საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლის ნაცვლად, წამების და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შესაბამისი მუხლებით დაკვალიფიცირება
  • დისციპლინური სახდელების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რათა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში შესაძლებელი გახდეს დისციპლინური სახდელების ერთგვაროვანი გამოყენება
  • სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ვიდეოპაემნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო სასჯელაღსრულების №5, №7, №8, №12 დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა
  • სამედიცინო რეფერალის მარეგულირებელი ახალი წესისა და სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების დამტკიცება
  • ეკომიგრანტის დეფინიციისა და ეკომიგრანტთა შესახებ სახელმწიფოს ვალდებულებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2013 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზისას, დადებითად შეიძლება შეფასდეს ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი სახელმწიფო უწყება საბოლოო და სრულყოფილი შესრულებისათვის ჯერ კიდევ აგრძელებს მუშაობას. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ერთობლივი კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტის ნიშნულის მიღწევა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)