ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელს არსებითად განიხილავს

2015 წლის 17 და 18 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-83მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით.

ამრიგად, გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული ე.წ. „მოსმენებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება - ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების, მათი 2 წლის ვადით შენახვისა და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სასამართლოს გააცნეს პოზიცია საქმის არსებითად მიღების აუცილებლობის შესახებ და წარადგინეს არგუმენტაცია ე.წ. მოსმენების „ორგასაღებიანი“ სისტემის არსებული რეჟიმის ნაკლოვანებებზე. კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს სათანადო გარანტიებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან თვითნებობის აღსაკვეთად.

სასამართლომ ასევე მოისმინა საქართველოს პროკურატურის, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსაზრებები სასარჩელო დავის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.“

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)