ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა

2019 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ფაქტი შეეხებოდა ტელეკომპანიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც კომპანიამ კორპორატიული ინტერესის დარღვევად მიიჩნია და შრომითი ურთიერთობა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რისი ინიციატორიც ტელეკომპანია „იმედი“ იყო.

მოპასუხე მხარის განმარტებით, გამოქვეყნებული სტატუსით განმცხადებელმა დაარღვია კორპორატიული კულტურის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრინციპი კომპანიის შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული არ არის.

საქმის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, განმცხადებლის მიერ საჯარო განცხადების გამოქვეყნებით, რამდენად შეილახა კომპანიის კორპორატიული ინტერესი და რა სახის და სიმძიმის რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. ამასთან, არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გავრცელების მასშტაბი, რაც გადამწყვეტი იქნებოდა იმის საზომად, გამოიწვია თუ არა საზოგადოების ფართო მასებში ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ნდობის შემცირება, რასაც ყურებადობის დაბალი მაჩვენებელი მოჰყვა/მოჰყვებოდა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულების ფორმალურად სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ გამორიცხავს რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას.

სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მედია სფეროში არსებულ კონტექსტი და ტელეკომპანიის მგრძნობელობა მათ მიმართ გამოხატულ კრიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს მჭიდროდ უკავშირდება ტელეკომპანიის მიმართ მაყურებელთა ნდობის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული განცხადება, კონტექსტის გათვალისწინების პირობებშიც კი, დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ გასცდენია და არ შეიცავდა გამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური ზომის გამოყენებას გაამართლებდა.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ იხელმძღვანელა გადაჭარბებული ლოიალობის სტანდარტით, რეპუტაციის დაცვის ფართო ინტერპრეტაციითა და დამდგარი/მოსალოდნელი შედეგის ზედაპირული შეფასებით, რაც ვერ გაამართლებდა განმცხადებლის უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლის მიერ გამოხატული მოსაზრების გამო მოხდა მისი შრომით უფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყოს მოპასუხე მხარის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ტელეკომპანიას, შეიმუშაოს კორპორატიული ინტერესების დაცვისა და დარღვევის საკითხთან დაკავშირებული განჭვრეტადი დებულებები, მათ შორის, განსაზღვროს კორპორატიული ინტერესის დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლისა და რეაგირების მექანიზმი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)