ახალი ამბები

სახალხო დამცველმა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2020 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“.

რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი „მეფე ერეკლეს აბანოში“ (შპს „ჭრელი აბანოს“ საკუთრებაში არსებული დაწესებულება) მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ „მეფე ერეკლეს აბანოში“ მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“, მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის „მეფე ერეკლეს აბანოში“ შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები; შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად; კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები; საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება