ახალი ამბები

სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულებებისა და წინა, IV ციკლის ფარგლებში კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

ალტერნატიული ანგარიშით სახალხო დამცველმა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, გენდერული თანასწორობა, არასრულწლოვანთა უფლებები მართლმსაჯულების პროცესში, ოჯახში ძალადობა და ბავშვთა სხეულებრივი დასჯა, უმცირესობათა უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს შესთავაზა იმ კრიტიკულ საკითხთა ჩამონათვალიც, რაზეც სასურველია, რომ კომიტეტმა გაამახვილოს ყურადღება სახელმწიფოს ანგარიშის განხილვის პროცესში.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოსთან დაკავშირებით საკითხთა ნუსხას ( ე.წ. list of issues) მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, დახურულ სესიაზე მიიღებს და საქართველოს მთავრობას კონკრეტულ დროს განუსაზღვრავს მათზე პასუხების წერილობით წარსადგენად. აღნიშნულის შემდეგ, კომიტეტის მომავალ სესიაზე გაიმართება საქართველოს სახელმწიფოს ანგარიშის განხილვა.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება