ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ყირგიზ საჯარო მოხელეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარა

2020 წლის 27-28 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის ქალაქ ბიშკეკში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ყირგიზი საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დისკრიმინაციის ბრძოლის შესახებ კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

საჯარო მოხელეების მონაწილეობით გამართულ მრგვალ მაგიდაზე აქცენტი გაკეთდა იმ დადებით ასპექტებზე, რაც ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების შედეგად, ერთი მხრივ, სახელმწიფომ, მეორე მხრივ კი საქართველოს მოსახლეობამ მიიღო.

რაც შეეხება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით გამართულ შეხვედრას, საუბარი შეეხო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონს, თანასწორობის უფლების მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკას და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების შესაძლო სტრატეგიები.

საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს თანასწორობისთვის ბრძოლის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება