ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან

2020 წლის 28 იანვარს სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესზე, არსებულ ვითარებასა და გამოვლენილ ხარვეზებზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა სრულად არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის შენიშვნები მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, რამაც სახალხო დამცველის შეფასებით პროცესის ხარვეზიანად წარმართვა გამოიწვია.

ასევე, მოსაზრებები გაცვალეს საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმაზე და ვენეციის კომისიის როლზე ამ პროცესში.

განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რაც სახალხო დამცველის ვენეციის კომისიისადმი პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე და ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება