ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 4 აპრილს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე სურია დევას და ჯგუფის წევრებს შეხვდა და სახალხო დამცველის მანდატი გააცნო; ყურადღება გაამახვილა თანასწორობისა და პრევენციის ეროვნულ მექანიზმზე და ამ მხრივ აპარატის საქმიანობა მიმოიხილა; ისაუბრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკითხებზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა და მასში ასახული ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულება. თამარ გვარამაძემ სტუმრებს 2018 წელს გამოქვეყნებული ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის საბაზისო კვლევა წარუდგინა.

გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები დაინტერესდნენ კერძო კომპანიების მხრიდან სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ვალდებულების ხარისხით, მიგრანტი მუშების უფლებრივი მდგომარეობით, მშენებლობის სექტორში შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარებით, ბავშვთა შრომითა და სხვა საკითხებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები თინათინ თინიკაშვილი და მარიამ თავდგირიძე. ასევე, გაეროს სამუშაო ჯგუფის წევრები: თავმჯდომარის მოადგილე ელზბიეტა კარსკა, ჯგუფის მდივანი ულრიკ ჰალსტიინი და ადამიანის უფლებათა ოფიცერი ფედერიკა მორვეი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)