ახალი ამბები

სახალხო დამცველის ონლაინ შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელთან

2020 წლის 6 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელს მერი მაღლაფერიძეს შეხვდა და პანდემიის პირობებში სააგენტოს მუშაობის წესებს და საქმიანობას გაეცნო. შეხვედრა ონლაინრეჟიმში წარიმართა.

სახალხო დამცველი დაინტერესდა სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობით, თუ რა პრინციპით მიმდინარეობს საქმეების განხილვა და როგორ ხდება შესაბამისი საჭიროების მქონე პირებთან კონტაქტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მდგომარეობაზე. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე და აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების პროცესი.

შეხვედრისას ისაუბრეს უსაფრთხოების წესებზე შშმ პირთა პანსიონატებში, ასევე თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა თავშესაფრებში არსებულ პირობებზე. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია კორონა ვირუსზე ხანდაზმულთა ტესტირება, ასევე სპეციალური წესებით რეგულირდება უსაფრთხოების და პრევენციის საკითხები.

ოჯახში ძალადობისგან დაცვის სერვისებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი დაინტერესდა თავშესაფრების გადატვირთულობის საკითხით, დასაქმებული ბენეფიციარების პირობებით და თავშესაფრის დატოვების შემდეგ, მსხვერპლთა დასაქმების და საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად დაგეგმილი საქმიანობით.

საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში სახელმწიფო სერვისების მონიტორინგს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)