ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოსაზრებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

2020 წლის 21 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებლ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა ამ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, თუ რა კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა იქნეს კანონპროექტში გათვალისწინებული იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობა აღიჭურვება უფლებამოსილებით კანონმდებლობისაგან განსხვავებულად მოაწესრიგოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. (1) პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. (2) ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით).

საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა. მიგვაჩნია რომ აუცილებელია კანონპროექტის მოდიფიცირება და მხოლოდ ისეთი სხდომების ჩატარება დისტანციურად, რომელთა გადადებაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს.

ჩვენს წერილობით მოსაზრებაში შემოთავაზებული გვაქვს ალტერნატიული ფორმულირებები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს მოსაზრებებს. თავის მხრივ, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას სამუშაო ფორმატში მივაწოდოთ დამატებითი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება