ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილის ვიზიტი თანასწორობის ორგანოების ევროპულ ქსელში

2019 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი ევროპული თანასწორობის ორგანოების ქსელის (Equinet) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ. ასამბლეაზე ქსელის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობა განიხილეს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ყურადღება ასევე გამახვილდა თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტსა და საჩივრების სტატისტიკის შეგროვებაზე.

მომდევნო დღეს, ქსელის წევრების ჩართულობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში თანასწორობის ორგანოების როლს. შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბროვკა სემიონოვიჩმა გახსნა. შეხვედრაზე ევროპის სახელმწიფოების თანასწორობის ორგანოებმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობის საკუთარი პრაქტიკა წარმოადგინეს.

საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი ინსტიტუტია, რომელიც 2018 წელს ქსელის წევრი გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)