ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილემ გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 წლის 9-11 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონფერენციაში – „არავინ დატოვო მიღმა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და ახალგაზრდების უფლებების უზრუნველყოფა“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და ახალგაზრდების ძალადობისგან დაცვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების განხორციელების, სერვისებზე მისაწვდომობისა და მონაწილეობის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის გამყარებას.

კონფერენციის ფარგლებში, სახალხო დამცველის მოადგილემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სესიაზე სახალხო დამცველის მანდატსა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„გარკვეული მიღწევების მიუხედავად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტური განხორციელება საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. ინფორმაციის ნაკლებობა, ხარისხიანი სერვისების მისაწვდომობა, საზოგადოების ცნობიერება და კომპლექსური განათლების არარსებობა არაერთ დაბრკოლებას ქმნის, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის. სწორედ აქ ვხედავთ სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტის როლს, მონიტორინგი და ადვოკატირება გაუწიოს არსებულ მდგომარეობას და ხმა აიმაღლოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვისათვის, რაშიც განუზომელია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის როლი და მხარდაჭერა სახალხო დამცველის აპარატისადმი“ - აღნიშნა ეკატერინე სხილაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ ასევე ისაუბრა გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეროვნული მონიტორინგის სისტემის შექმნის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე. მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი სწორედ აღნიშნულ საკითხებს და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას უკავშირდებოდა.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მუშაობას, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან ერთად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე, არსებული გამოწვევების აღმოფხვრის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება