ახალი ამბები

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2019 წლის 1 მარტს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის 2019-2021 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო. დოკუმენტი სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს შეიმუშავა და იგი მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა ხელყოფის შემთხვევებზე აპარატის რეაგირების ეფექტურობის ამაღლებას, მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებას, ბავშვის მონაწილეობისა და ჩართულობის უფლების რეალიზებას, უფლებადაცვითი მექანიზმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა ისაუბრა 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გამოვლენილ ძირითად ტენდენციებსა და პრობლემებზე, მათ შორის, ბავშვთა ძალადობის, სიცოცხლის უფლების ხელყოფის, სახელმწიფო ზრუნვის საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იმსჯელეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაგეგმილ საქმიანობებზე, მათ შორის საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშების ძირითად საკითხებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)