ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

2019 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში რამდენიმე ათეული შეხვედრა გამართეს.

ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია მსოფლიოში ყოველი წლის 25 ნოემბრიდანაღინიშნება და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ. წელს კამპანიის მთავარი თემა სექსუალური შევიწროება იყო.

სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ადამიანის ძირითად უფლებებზე და თავისუფლებებზე, სახალხო დამცველის მანდატზე, ბულინგზე, შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. დაინტერესებულ მოქალაქეებს სექსუალური შევიწროების მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული საკანონდებლო რეგულაციები გააცნეს. მიმოიხილეს თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამ მიმართულებით.

ხაზი გაუსვეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის საკითხს და იმ გარემოებებს, რომლებიც აფერხებს ქალების დასაქმებას და მათ გააქტიურებას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

კამპანიის მიმდინარეობისას გაიმართა პრეზენტაციები, დისკუსიები, თემატური ფილმის ჩვენება და კონფერენციები; ასევე, შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების მერებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, გორის, ქარელის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ბორჯომის, ახმეტის, პანკისის ხეობის, ყვარლის, საგარეჯოს, თელავის, მცხეთის; ასევე ქუთაისის, ბათუმის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და მესტიის მუნიციპალიტეტებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში საერთო ჯამში 2500-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

კამპანია დასრულდა ქუჩის აქციით, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და თემატური ბროშურები სახალხო დამცველის მანდატის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბულინგის, ადრეულ ასაკში ქორწინების, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ადგილზე გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია დაინტერესებულ პირებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)