ახალი ამბები

სახალხო დამცველის ანგარიში N3 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის 16-17 სექტემბერს N3 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგი განახორციელა. ვიზიტის მიზანს დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შეფასება წარმოადგენდა.

სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ვიზიტისას, არ მიუღია ინფორმაცია N3 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. გამოკითხული მსჯავრდებულების ნაწილის გადმოცემით, დაწესებულებაში წინა წლებთან შედარებით გამოსწორებულია თანამშრომლების დამოკიდებულება პატიმრებთან მიმართებაში. თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაწესებულებაში ისევ აქვს ადგილი პატიმართა მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაფორმალურ დასჯის შემთხვევებს, რაც პრობლემური ქცევის პატიმრების დამორჩილების მიზნით დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსებაში გამოიხატება.

ანგარიშში საუბარია რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ პატიმრები 23 საათს ყოველგვარი აქტივობის გარეშე საკნებში ატარებენ და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმყოფებიან სასეირნო ეზოებში. გარდა ამისა, დაწესებულებაში არიან პატიმრები, რომლებიც თვეებისა და წლების განმავლობაში იმყოფებიან განმარტოებით, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, მძიმედ აისახება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას.

გამოწვევად არის მიჩნეული განსაკუთრებული რისკის დაწესებულების მართვის მოდელი, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ისევ ეფუძნება მაქსიმალურ შეზღუდვებს, აკრძალვებსა და უპირობოდ მკაცრ რეჟიმს, რაც არ არის თავსებადი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებთან და ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას. კერძოდ, განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებს კანონმდებლობით მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან ურთიერთობა, სარგებლობენ ნაკლები რაოდენობის პაემნებითა და სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობით. ამასთანავე, მათ არა აქვთ ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება; ხოლო ხანმოკლე პაემნით სარგებლობა მინის ბარიერით აღჭურვილ ოთახებში უწევთ, რომელიც ხელოვნურად ყოფს პატიმარსა და ვიზიტორს და ხელს უშლის მათი პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია იმ პატიმრებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობენ და შორი მანძილის და დამატებითი ხარჯების გამო უჭირთ პატიმართა მონახულება.

დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა იზოლაციის, გარე სამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობის და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობის ფონზე, პატიმრებს საუბრისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ, რაც მძიმედ აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში 2019 წლის 18 დეკემბერს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელსაც ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების შესახებ. სამწუხაროდ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ანგარიშთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენია და ეს არ არის პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის პირველი შემთხვევა, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება კონსტრუქციული დიალოგის წარმოებასა და ფაკულტატური ოქმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებაზე. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის 22-ე მუხლის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან გაეცნონ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს და გამართონ მასთან დიალოგი იმპლემენტაციის შესაძლო ზომების გატარებასთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება