ახალი ამბები

სახალხო დამცველი მუსლიმური თემის წარმოამდგენლებს შეხვდა

2019 წლის 31 მაისს საქართვლოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე დასავლეთ საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს ტარიელ ნაკაიძეს შეხვდნენ.

სახალხო დამცველი თემში არსებული გამოწვევებით დაინტერესდა და თავის მხრივ, რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა.

როგორც აღინიშნა, აჭარაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვლავ მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს. წლებია ბათუმში არსებული მეჩეთი მლოცველებს ვეღარ იტევს და მათ დიდი ნაწილს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში, ქვაფენილზე უწევთ ლოცვის აღვლენა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა ტერიტორია, რომელიც მუსლიმმა თემმა ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეიძინა, სადაც ამჟამად მხოლოდ მცირე ხის კონსტრუქცია დგას და მეჩეთის აშენების ნებართვის საქმეს სასამართლო განიხილავს.

მუსლიმთა თემის წუხილი განათლების საკითხსაც შეეხება. თემის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსგან სპეციალური პროგრამების შემუშავებას ითხოვენ, რათა მუსლიმ ახალგაზრდებს საშულება ქონდეთ რელიგიური განათლება საქართველოში მიიღონ და ამ მიზნით სხვა ქვეყნებში არ მოუწიოთ წასვლა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)