ახალი ამბები

სახალხო დამცველი გურიის მხარეში შეხვედრებს მართავს

2019 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და რეგიონში ინერტული მასალების მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ უცნობია, თუ როგორ ზემოქმედებს ეს სამეწარმეო საქმიანობა გარემოზე, მითუმეტეს, რომ არ ხდება ლიცენზირების პირობების სათანადო კონტროლი. მოსახლეობის განცხადებით, ინერტული მასალების მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შემდეგ, მწვავედ დადგა სასმელი წყლის პრობლემა. შეხვედრაზე შრომითი მიგრაციის მასშტაბებსაც გაუსვეს ხაზი.

მოსახლეობა ასევე შეწუხებულია აზიური ფაროსანას პრობლემით, რომელიც თხილის და ხილის მოსავალს ანადგურებს. როგორც ლიხაურლები აცხადებენ, მთავრობის მიერ დარიგებული წამალი არაეფექტურია.

კარიერებში მიმდინარე სამუშაოების მავნე ზეგავლენაზე გურიის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს. ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატსა და პრიორიტეტებთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებსაც გასცა პასუხი.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყოველ ღონეს მიმართავს, რათა სახელმწიფომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს შშმ პირთა დაცვის პროგრამებს.

.
.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება