ახალი ამბები

სახალხო დამცველი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

2019 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ბრიუსელში, ბელგიაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარ და ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს (DROI), მარია არენას შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ მარია არენას გააცნო საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა; ისაუბრა იმ როლსა და მნიშვნელობაზე, რომელსაც სახალხო დამცველი ქვეყანაში ასრულებს, როგორც ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტი.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა უმძიმეს ვითარებაზე და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახალხო დამცველის როლსა და საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“. რეზოლუციაში საუბარია ადამიანის უფლებათა ისეთ უხეშ დარღვევებზე, როგორიცაა: თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება; უკანონო დაკავებები და გატაცებები და ა.შ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტის უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინებით, ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტარს სთხოვა, განიხილოს DROI-ში საკომიტეტო მოსმენის შესაძლებლობა - კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. მარია არენა ამ იდეას დადებითად შეხვდა და დაპირდა სახალხო დამცველს, რომ აქტიურად იმუშავებს მისი ინიციატივის განხორციელებისთვის.

ევროპარლამენტარი ასევე დაინტერესდა საქართველოში ადამიანის უფლებების და თავისუფლების მდგომარეობით და ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებით, რაზეც სახალხო დამცველმა მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, ნინო ლომჯარიამ მიმოიხილა სასამართლო სისტემაში ამჟამინდელი ვითარება, სამართალდამცავ სისტემაში არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებებით, გასატარებელი რეფორმების საჭიროება, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მიმართ თავდასხმები, მედია პლურალიზმის მიმართულებით შექმნილი საფრთხეები, სასამართლოსა და პროკურატურისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობის დაბალი მაჩვენებელი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება