ახალი ამბები

სახალხო დამცველი ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველი დამოუკიდებლად აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რაც აღნიშნულ პროცესს ახლავს თან და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას. სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და აღნიშნულს სერიოზულ პრობლემად და მთელი პროცესისათვის დამაზიანებლად მიიჩნევს.

ფარული კენჭისყრა

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს მიღებული კანონით1, საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატები თითოეულ ეტაპზე კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ. პირველი ფარული კენჭისყრისათვის კანონში ამის უზრუნველსაყოფად რაიმე მექანიზმი არ ჩადებულა, თუმცა მიეთითა, რომ საბჭო ამ პროცესს წარმართავს მის მიერ განსაზღვრული პროცედურით2 . აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ არ განსაზღვრულა რაიმე ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების შერჩევას ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. აღნიშნული ვითარება კი ქმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი ხდება პროცედურას გამოეთიშოს კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის.

თავად საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ფარულ კენჭისყრას ითვალისწინებს, არ მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და არ იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც პრობლემურად შეფასდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და სახალხო დამცველის მიერ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა პირველმა ფარულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს სისუსტეს და გამოავლინა, თუ რა გამოწვევებია პრაქტიკაში.

20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად). ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კერძოდ:

  1. გამოვლინდა 4 ბიულეტენი,3 სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული;
  2. გამოვლინდა სხვა 3 ბიულეტენი,4 სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან შემოხაზული იყო სხვა ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი (და არა ისინი, ვინც პირველ პუნქტში ნახსენებ 4 ბიულეტენში იყო შემოხაზული);
  3. გამოვლინდა სხვა 2 ბიულეტენი,5 სადაც შემოხაზული იყო მეორე პუნქტში მითითებულ 3 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და კიდევ სხვა 5 კანდიდატი;
  4. გამოვლინდა სხვა 1 ბიულეტენი,6 სადაც შემოხაზული იყო პირველ პუნქტში მითითებულ 4 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და მესამე პუნქტში მითითებულ 2 ბიულეტენში შემოხაზული 5 კანდიდატი.

მოცემული 10 ბიულეტენის ჯამში 5 ხმა მიიღო 30-მა კანდიდატმა, 4 ხმა - 5-მა კანდიდატმა, ხოლო 3 ხმა - 10-მა კანდიდატმა (სულ 45 კანდიდატი). ყველა მათგანი გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე. დანარჩენ 3 ბიულეტენში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა და მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არც ერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისათვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

სახალხო დამცველი აქვეყნებს ცხრილს, სადაც ასახულია, თუ რომელ ბიულეტენში რომელი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხმების დათვლის დროს ბიულეტენების რიგითობის მიხედვით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

2019 წლის 31 მაისს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული ყველა განცხადებისა და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. ამა წლის 13 ივნისის პასუხით, საბჭომ უარი თქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების საფუძვლით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ზღუდავს იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესის მონიტორინგისა და მის მიმართ ნდობის გაჩენისათვის.

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით არის დაცული. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ „თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მიმდინარე წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებით გათვალისწინებულ იქნა დამატებითი ბერკეტები, რომლებიც გამორიცხავს განსაკუთრებული კატეგორიის შესახებ მონაცემების დახურვასაც კი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საუბარია კანდიდატის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებზე. საბჭოს უარი არათუ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ დადგენილ გამჭვირვალობის სტანდარტს, არამედ მანამდე მოქმედ სტანდარტსაც არ პასუხობს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც საბჭო კანდიდატებს თითოეულ ეტაპზე ფარული კენჭისყრით შეარჩევს, გადაწყვეტილებები კი დაუსაბუთებელია, ისედაც მცირე შესაძლებლობა რჩება პროცესებზე დასაკვირვებლად. ამ პირობებში კანდიდატების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვა კი საერთოდ შეუძლებელს ხდის დაკვირვებას და პროცესებს სრულიად დახურულს ტოვებს.

2019 წლის 27 ივნისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გასცეს პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია - შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა თითოეულ ეტაპზე განახორციელოს სამართლიანად, უმაღლესი სტანდარტის დაცვით.

სახალხო დამცველი აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე დაკვირვებას და დაკვირვების შედეგებზე საზოგადოებას ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის.


1 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-6 პუნქტი.
2 იქვე, 341 მუხლის მე-7 პუნქტი.
3 რიგითობით ##4, 6, 8, 9 ბიულეტენები.
4 რიგითობით ##10, 11, 12 ბიულეტენები.
5 რიგითობით ##5, 13 ბიულეტენები.
6 რიგითობით #7 ბიულეტენი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)