ახალი ამბები

სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო „მთავარი არხის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ქსენოფობიურად აფასებენ

სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო კრიტიკულად აფასებენ 2020 წლის 5 აპრილს ტელეკომპანია „მთავარი არხზე“ პროგრამა Post Factum-ში გასულ სიუჟეტს „გენები კორონა ვირუსის წინააღმდეგ,“ რომელიც საუბარი იყო ახალ კორონავირუსთან მიმართებით საზოგადოების ნაწილის უპირატრსობებზე, მათი ეთნიური წარმომავლობის მიხედვით. სიუჟეტის შემდეგ გადაცემის წამყვანმა - გიორგი გაბუნიამ ასევე გააკეთა არმენოფობიული განცხადება.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საკითხებზე მსჯელობისას, რომელიმე ეთნოსზე, დადებით ანდა უარყოფით ჭრილში აქცენტირება დამაზიანებელია იმ კომპლექსური სოციალური ცვლილებების პროცესისთვის, რომლსაც საქართველოში მცხოვრები საზოგადოება თანასწორობის მიღწევისთვის გადის, ხელს უწყობს ქსენოფობიური სტერეოტიპების გაძლიერებას და კონკრეტულ ეთნოსებს დამცირებულ მდგომარეობაში წარმოაჩენს.

დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების ტირაჟირება განსაკუთრებით მიუღებელია მედიის მხრიდან, რომელსაც საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე არსებითი გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ქსენოფობიური თუ უთანასწორობის ხელშემწყობი სხვა მოსაზრებების გავრცელება, განსაკუთრებით, პანდემიის ფონზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში. როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია მითითებული, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.“

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მოუწოდებენ საქართველოს მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს, საჯარო პირებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ხელი შეუწყონ საზოგადოების კონსოლიდაციას კორონავირუსის და არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ყველა ზომა მიიღონ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და არ წაახალისონ ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და სხვა სახის შუღლი და სიძულვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)