ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილების შესახებ

2020 წლის 9 ივლისს ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებული საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება.

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების 80% გაიზიარა (მათგან დაახლოებით 7% კი ნაწილობრივ არის გაზიარებული). ჩვენი რეკომენდაციების დადგენილებაში ასახვა არ არის პირდაპირ რეკომენდაციების შესრულების წინაპირობა. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას და ეს ბუნებრივად ზრდის მათი შესრულების ალბათობას.

ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გაუზიარებელი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მიზანი იყო უსახლკარო პირთა და ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების უზრუნველყოფა, სკოლის მოსწავლეთა რელიგიური ინდოქტინაციისგან დაცვა და ა.შ. დადგენილებაში ასევე არ ასახულა სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც ძალოვან უწყებებს გამჭირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, როგორიცაა: სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავების სამხრე კამერებით აღჭურვა, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა და სხვა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტს 35 წინადადებით მიმართა. მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის დადგენილების შესაბამისად დროულად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებების გაზიარების საკითხებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, მის მიერ გაცემული, შესასრულებლად სავალდებულო, დავალებების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ხოლო თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას, ყველა ფორმატში ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების სრულყოფილად შესრულების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება