ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღიურად ამოწმებს დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას

არაერთი ვიზიტი ხორციელდება დახურულ დაწესებულებებში, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების გაზრდილი ინტერესი არსებობს საკითხისადმი, გვსურს დამატებითი დეტალები მოვაწოდოთ საზოგადოებას დაპატიმრებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის თანახმად:

  • იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ
  • მოთავსებულ პირს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლითა და პირადი უსაფრთხოებით
  • პირი, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით, კვირაში ორჯერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი შხაპის მიღების შესაძლებლობით
  • იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის განკუთვნილი საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს
  • მოთავსებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ამანათი - (დასაშვები ნივთები დადგენილია შინაგანაწესის #1 დანართით)
  • მოთავსებული პირისთვის იზოლატორში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. იმ იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სამედიცინო მომსახურების გასაწევად გამოძახებულ იქნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა
  • მოთავსებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ასევე აღნიშნული შემოწმების ჩატარების მიზნით საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი
  • იმ პირს, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნით, უფლება აქვს, მოითხოვოს სუფთა ჰაერზე გასეირნება არანაკლებ 1 საათისა
  • პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 7 დღის ვადით, აქვს ახლო ნათესავებთან ორი შეხვედრის უფლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში. შეხვედრის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ერთ საათზე ნაკლები
  • ახლო ნათესავებთან შეხვედრის უფლება ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაძლოა შეიცვალოს სატელეფონო საუბრით
  • პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 7 დღის ვადით, უფლება აქვს, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში საქართველოს ფარგლებში განახორციელოს ორი სატელეფონო საუბარი, თითოეული 10 წუთის ხანგრძლივობით
  • ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს, შეხვდეს თავის ადვოკატს/წარმომადგენელს, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს
  • მოთავსებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • მოთავსებულს პირს უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით
  • ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები
  • მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან სხვა მოთავსებულ პირებთან ერთად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით
  • მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას
  • მოთავსებული პირი სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა
  • მოთავსებულ პირს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი

21 ივნისის ღამეს დაკავებულ პირთაგან 121 ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ხანგრძლივობით. სახალხო დამცველის აპარატმა პირველივე საათებში მოინახულა დაკავებულები. იზოლატორებში შესახელების შემდეგ, მრავალი დაპატიმრებული პირი მოვინახულეთ ასევე სხვადასხვა რეგიონში. სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ დღეებშიც დააკვირდება დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. ნებისმიერი უფლება დარღვევის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატში - ცხელი ხაზის ნომერი 1481.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება