ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში

სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში კოკა მებონიამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებთან.

2019 წლის 15 ნოემბერს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან შეხვედრაზე კოკა მებონიამ სახალხო დამცველის მანდატი, ოჯახში/ქალის მიმართ ძალადობის საკითხები განიხილა. ხაზი გაუსვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მნიშვნელობას, ქალთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობას, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობას.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახალხო დამცველის როლზე, შემუშავებულ რეკომენდაციებსა და ტენდენციებზე.

19 ნოემბერს CENN-ის ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლები სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელოს ოფისს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ და სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობას გაეცნენ.

ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე გამართულ პრეზენტაციაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ფორმების, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. ყურადღება გაამახვილეს ადრეულ ასაკში ქორწინების კუთხით არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განათლების მნიშვნელობაზე არასრულწლოვნებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)