ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

2019 წლის 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში თვითმართველობის ორგანოების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე, სიტყვით გამოვიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ გიორგი გონაძემ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ნინო ვალიკოვმა და ნათია ბერაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის პროცესზე, საზოგადოებაში ამ პირთა სრული ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ფუნქციონირებაზე. ყურადღება გაამახვილეს მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

დისკუსიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა უფლებების რეალიზების პროცესში არსებულ მთავარ გამოწვევებზე, მათ შორის დასაქმების, სოციალური უფლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი ჩართვის უფლების რეალიზებაზე.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა.

.
.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება